logo
ENG



ბლინკენი მძევლებზე შეთანხმებას "მნიშვნელოვან პროგრესს" უწოდებს

22 ნოე 202309:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/22/g7eexxxc09978xf.jpg
David Paul Morris/Bloomberg/Getty Images

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე მიღწეულ შეთანხმებას "მნიშვნელოვან პროგრესს" უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აშშ მუშაობას არ შეწყვეტს მანამდე, სანამ ტერორისტული დაჯგუფება ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

მისი თქმით, დღევანდელი შეთანხმება არის დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი - ის მადლობას უხდის ეგვიპტესა და კატარს პროცესის შუამავლობისთვის, ასევე, მიესალმება ისრაელის მთავრობის მიერ ჰუმანიტარულ პაუზის მხარდაჭერას.

"ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი არის საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა თითოეული მძევლის გათავისუფლება და ოჯახებში მათი დაბრუნება უზრუნველვყოთ", - თქვა ბლინკენმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ სავარაუდო შეთანხმება შედგება. ინფორმაცია საერთაშორისო მედიებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

წყაროები ამბობენ, რომ ჰამასი 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებს და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ოფიციალური პირების ცნობით, შეთანხმების განხორციელება მისი გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში მოხდება.

CNN წერს, რომ მედიებში გავრცელებული ინფორმაცია დღეს დაადასტურა ჰამასის წარმომადგენელმა - ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 150 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდება, კერძოდ, ქალები და ბავშვები. მათივე ცნობით, შეთანხმება მოიცავს ღაზის სექტორში ასობით ჰუმანიტარული სატვირთოსა და საწვავის შესვლას.

რაც შეეხება ისრაელს, თავდაცვის ძალების სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი ამბობს, რომ პატიმრების სრული სია ზუსტდება, თუმცა მასში არ შევლენ 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე პირები.

აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა, შესაძლოა, 3 ამერიკელი მძევალიც გაათავისუფლოს. CNN-ს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ეუბნება, რომ ამ დრომდე, ამერიკის 10 მოქალაქე დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 2 ქალი და ერთი 3 წლის ბავშვი.


close დახურვა